დავით ფარღალავა: საოჯახო მედიცინის განვითარება დიდი განტვირთვა იქნება კლინიკებისთვის

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა შეაფასა კარაპს მედლაინის ანგიოლოგმა დავით ფარღალავამ. ექიმის თქმით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა საგრძნობლად შეამცირებს სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების რიცხვს.
„საოჯახო მედიცინა და ოჯახის ექიმის ინსტუტუტის წინ წამოწევა, რასაც გულისხმობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მისასალმებელია. ეს არის ძალიან დიდი განტვირთვა კლინიკებისთვის. პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო მოსახერხებლად და კომფორტულად მიიღონ საჭირო დიაგნოზი. ხოლო ეს კომფორტი, თავის მხრივ, მოითხოვს მაღალკვალიფიცირებულ ექიმებს’’.
ფარღალავამ ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებელია რომ განახორციელოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რათა რეფორმა იყოს წარმატებული.
,,რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია ექიმების კვალიფიკაცია. მათ უნდა უტარდებოდეთ გარკვეული ტრენინგები და მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგად იქნას გააზრებული რეფორმის ფინანსური მხარეც“, – აღნიშნავს ცნობილი ექიმი.
მედიკოსმა აღნიშნა ისიც, რომ ახალი რეფორმა ნამდვილად იქნება ხარჯეფექტური, რამდენადაც საგრძნობლად შემცირდება პაციენტების სტაციონარში მოხვედრის რისკი.
ფარღალავამ ასევე შეაფასა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროგრამის დანერგვისთვის.
„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ადამიანების ფიზიკურად გადარჩენის საკითხში. ადამიანები, რომლებსაც არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, დღესდღეობით ახარხებენ გაიკეთონ ძვირადღირებული ოპერაციები და ამას რასაკვირველია, სახელმწიფო აფინანსებს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჯანდაცვის სფეროში. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა კიდევ უფრო დაიხვეწება. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ამ პროგრამაში ჩაერთვება კერძო სექტორიც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველანაირი სოციალური სტატუსის ადამიანის ერთნაირად დაფინანსება, ცოტა არ იყოს, არ არის მართებული. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მაღალი შემოსავალი, ვთქვათ 80–90%–ის ნაცვლად უნდა უფინანსებოდეთ 20–30%. ეს ძალიან დაზოგავს ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტში. სხვა მხრივ ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობლები ვართ ჯანდაცვის სამინისტროსი“, – აცხადებს ფარღალავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები