ჯანდაცვის სამინისტრო ბინაზე მოვლის საპილოტე პროგრამას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო ბინაზე მოვლის საპილოტე პროგრამას იწყებს. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განსავითარებლად სპეციალისტების მომსახურებას სახლში მიიღებენ.
უწყების ცნობით, ეს სიახლე შშმ ბავშვების მშობლებს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოდიშარიამ გააცნო. მისი თქმით, პილოტური პროგრამა საშუალებას მოგვცემს, უფრო კარგად დავინახოთ მათი საჭიროებები და ბავშვებს განვითრებისთვის აუცილებელი პირობები შევუქმნათ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფონდ „პირველი ნაბიჯის“ დამფუძნებელი ნინო ქადაგიძე. ფონდი 2009 წლიდან უზრუნველყოფს ბინაზე მოვლის სერვისებს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის.
პილოტური ქვეპროგრამა ითვალისწინებს: მომვლელის, მეტყველებისა და განვითარების სპეციალისტების, ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგისა და პედიატრის მომსახურებას. ბინაზე მოვლის პილოტურ პროგრამაში ჩაერთვებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. პროგრამა ხორციელდება თბილისში და მასში ერთდოულად ჩაერთვება არაუმეტეს 40 ბავშვისა, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და არ შეუძლიათ დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.