ოთარ დანელია გლეხების მიერ გამართულ აქციებს მართულ პროცესს უწოდებს
იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძენს არ ჩაიბარებს, მას სახელმწიფო შეისყიდის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყურძნის ფასს სახელმწიფო ვერ დაადგენს, რადგან ბიზნესის საქმეში ვერ ჩაერევა.
დანელია გლეხების მიერ გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა და მართული პროცესი უწოდა.
„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ პროცესები მართულია, ერთდროულად რამდენიმე მიტინგის მოწყობა, ყველაფრის ორგანიზებულად გაკეთება და ვაზის გაჩეხვის მუქარები. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი მარტივია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს. ამ თემით სპეკულაცია აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.