თბილისის საკრებულოს დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის, ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის’’ – თავმჯდომარის რიმა ბერაძის, ფრაქციის „თბილისელები“ თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილისა და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის შემადგენლობით ჩინური მხარის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაციის წევრები გუანგდონგის 100-მილიონიანი პროვინციის ვიცე-გუბერნატორს შეხვდებიან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოსა და გუანგდონგის პროვინციას შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრებენ.
აგრეთვე გაიმართება შეხვედრა საკრებულოს დეპუტატებსა და გუანჯოუს, როგორც თბილისთან დამეგობრებული ქალაქის ვიცე-მერს შორისაც, რომელიც საქართველოს დედაქალაქს საპასუხო ვიზიტით მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ეწვევა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელი, გუანგდონგის კომერსანტთა გაერთიანების პრეზიდენტთან ჯოუ იფენგთან ერთად გამართავენ შეხვედრას, რომელიც მიზნად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ისახავს.
ქართველი დეპუტატები მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაშიც მიიღებენ, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომლექსში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ – თავმჯდომარე რიმა ბერაძე ინვესტორების მოძიების მიზნით ჩუღურეთის რაიონში მდებარე ფიროსმანის, ჩუბინიშვილისა და წმ. ნიკოლოზის ქუჩების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაციას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები