ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო.
„ალექსანდრე ქართველი, ერთი მხრივ, ქართული ინტელექტის, მეცნიერული მიღწევების, მეორე მხრივ კი, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სიმბოლოა. ის ამერიკელიც არის და ქართველიც. ის არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც არ დანებდა ბედს და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია უცხოეთში. ჩვენ აღვნიშნავთ წელსაც ალექსანდრე ქართველის კვირეულს. რამდენიმე დაწესებულებას დავარქმევთ მის სახელს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანი, რადგან იგი ძალიან ძვირფას მემკვიდრეობას წარმოადგენს ქართველი ერისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დღესვე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კუთხის გახსნას და სამეცნიერო მუშაობის დაწყებას ითვალისწინებს.
ავიაკვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში გაიმართება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფა და მისი სახელობის სკვერი გაიხსნება. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული კი, 19 სექტემბერს ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დაასრულდება.
ავიაკვირეულის მხარდამჭერები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული არქივი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თავდაცვის აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმი, სსსტც “დელტა”. ალექსანდრე ქართველის ავიაკვირეულის ორგანიზატორი კი ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოებაა.