თამარ სანიკიძე: წიგნის შეძენის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს
საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ გაიცება, რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქ სახელმძღვანელოები გარკვეული კატეგორიების მიხედვით დარიგდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარძო სკოლებში სახელმძღვანელოებს უფასოდ ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები და სხვები მიიღებენ.
„სახელმძღვანელოების პროგრამა გრძელდება და ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ხოლო კერძო სკოლებში გარკვეული კონტიგენტი მოსწავლეებისა, ესაა ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. მიიღებენ ყველა საგნის სახელმძღვანელოს. როგორც შარშან, წელსაც გვექნება ნაზავი, გამოყენებული და ახალი სახელმძღვანელოებისა, ახალი იქნება სამუშაო რვეულები. ვიცი, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და რეალურად დაზარალდა საზოგადოება, რომელსაც სწორი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ყველა მშობელს განვუმარტავ, რომ წიგნის შეძენის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, ყველა მოსწავლეს ექნება ისეთი სახელმძღვანელო, ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არის სასწავლო პროცესისთვის გამოსადეგი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.