პეკინის ქუჩაზე მოსახლეობა საბავშვო ბაღის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებს
თბილისში, პეკინის ქუჩაზე საბავშვო ბაღის “საპოვნელას” დემონტაჟი მიმდინარეობს. ბაღის დემონტაჟს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
როგორც საბავშვო ბაღთან შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, საბავშვო ბაღის ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება, რაც დაუშვებელია, რადგანაც საბავშვო ბაღის დემონტაჟი კანონდარღვევით ხორციელდება. მათი თქმით, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრაც იგეგმება.
როგორც საბავშვო ბაღთან შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, შენობის დემონტაჟს კომპანია “ელ ზურო” ახორციელებს. საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აღარ მუშაობს.
“გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ გვექნება საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ჩვენ საცხოვრებელ კორპუსებს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივი მოსახლეობა უყურადღებობაში მაჟორიტარ დეპუტატ დავით ზურაბიშვილსაც ადანაშაულებს.