ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება
თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საბავშვო ბაღის მონიტორინგი განხორციელდება. შესაბამისი დავალება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მისცა.
„ვინაიდან საბავშვო ბაღები 14 სექტემბრიდან იწყებენ სასწავლო წელს, მინდა დავავალო ბაღების სააგენტოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ყველა ბაღში ჩაატარონ მონიტორინგი. ნახონ არსებული მდგომარეობა და კვირის ბოლოს წარმოადგინონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად მზად არის ყველა ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყებად“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ბაღებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა ბაღებში საკვები პროდუქტების შესყიდვის საკითხს და აღნიშნა, რომ თუ ადრე ბაღებში საკვები პროდუქტების შეძენა პირდაპირი შესყიდვის გზით ხდებოდა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი ტენდერით განხორციელდება.
„ტენდერის შედეგად დაიწია ფასებმა და გამოირიცხა ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ შესყიდვასთან არის დაკავშირებული. საკვები პროდუქტების რამდენიმე სახეობასთან დაკავშირებით განმეორებით გამოცხადდა ტენდერები და მე ვფიქრობ, კარგი შედეგებით დასრულდება ეს პროცესი. ის სახეობები, რომელთა მოწოდებაზე ჯერ არ არის გამოვლენილი გამარჯვებული, მოხდება საკმარისი პროდუქტების პირდაპირი წესით შეძენა. აქცენტი ავიღეთ ხარისხის კონტროლზე. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან და ყველა პროდუქტი, რომელიც შემოვა, შემოწმდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო და მომდევნო წელს დამატებით 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.