საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთზე განსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV მონაკვეთის – 9,5 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია და ის მშენებლობის არეალში განსახლების პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.

“აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელი გახდა კერძო მესაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთების შესყიდვა. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში გამოსყიდულია 96 მიწის ნაკვეთი. მესაკუთრეთა ნაწილი აგვარებს ქონების რეგისტრაციის საკითხებს, ნაწილთან კი შეთანხმება ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე 8-10-ჯერ მეტია.

კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრულია დონორი ორგანიზაციის – ევროპის საინვესტიციო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად 2014 წელს და ის ორიენტირებულია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და ქონების ობიექტური შეფასების პრინციპებზე.

განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით შეფასებულია სხვადასხვა კომპონენტი: სახნავ-სათესი ნაკვეთი – 3 ლარი კვადრატული მეტრი; საკარმიდამო ნაკვეთი – 4 ლარი კვადრატული მეტრი; არასასოფლო დანიშნულების ნაკვეთი – 5 ლარი კვადრატული მეტრი; ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების კომპენსაციის თანხა; შენობა-ნაგებობების შეფასების საკომპენსაციო თანხა (მათ შორის, ძველი ნაგებობები და ღობეებიც კი შეფასებულია აშენებისათვის საჭირო დანახარჯების გათვალისწინებით); იმ მოსახლეებზე, რომელთა საერთო ფართობის 20%-ზე მეტი ექცევა პროექტის ზემოქმედების არეალში დამატებით გაიცემა 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია; სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსის მქონე მესაკუთრეზე გაიცემა დამატებით 915 ლარის ოდენობის კომპენსაცია. რომლის საერთო ოდენობის განსაზღვრის შედეგად დგინდება თითოეული მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით ასანაზღაურებელი თანხა:

უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით, მესაკუთრეებისგან თანხმობის მისაღწევად საავტომობილო გზების დეპარტამეტმა მის ხელთ არსებული მედიაციის ყველა რესურსს მიმართა. კომპეტენტური პირების მიერ შეხვედრების ორგანიზების, სიტყვიერი და წერილობითი სახით მოსახლეობის დეტალურად ინფორმირების შემდეგ, კომპენსაციის მიღებაზე უარის შემთხვევაში მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტების საყოველთაო მნიშვნელობის თაობაზე. ასევე, კიდევ ერთხელ მიეწოდათ პროექტების ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. ამავე შეტყობინებით მესაკუთრეებს ეცნობათ, რომ მათი უარის შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავს სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო არეალში მოქცეული კერძო საკუთრებების მფლობელებს კომპენსაციის მიღების შემდეგაც შეუძლიათ, სასამართლოს გზით იდავონ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხების გარეშე დაიცვან საკუთარი მოთხოვნები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები