ბათუმის პორტში სპეცდანიშნულების ახალი სანავიგაციო-დიოდური მანათობელი ფარანი დამონტაჟდა
ბათუმის პორტის წინა სახაზე ნიშანზე სპეცდანიშნულების ახალი სანავიგაციო-დიოდური მანათობელი ფარანი დამონტაჟდა.
ფარნის დამონტაჟება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ მიერ განხორციელდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მრავალფუნქციური, სამფერა სექტორული (LED) დიოდური მანათობელი ფარანი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით ( მაქსიმალური დენის ძალა 3W/LED, მაქსიმალური ენერგო მოხმარება 20 W, მაქსიმალური ძაბვა 10 – 35 V, სექტორული ფერები წითელი ( 84 °), მწვანე (27°), თეთრი (129°) ტემპერატურული ზღვარი (-30° დან -70 ° მდე), LED ნათურები 2 წითელი, 2 მწვანე, 2 თეთრი, მაღალი მდგრადობის 300 მმ ლინზა, გამოკრთომის სიშორე 12 საზღვაო მილი) IALA-ს (შუქურების ორგანიზაციის საერთაშორისო ასოციაცია) სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
აღნიშნული სანავიგაციო ნიშანი აღჭურვილია SOLAR სისტემითა და GPS სინქრონიზაციის რეჟიმით. ფარნის ოპტიკური სისტემა აღჭურვილია მდგრადი ლინზით, რომელიც მაღალი სიზუსტით ახდენს ნათების ეფეტურ სექტორიზაციას, რაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს უმარტივებს მეზღვაურებს ნაოსნობას.
აღსანიშნავია, რომ ძველი მანათობელი ფარანი დღის განათების ლამპიონების ნათებისა და ღამის საათებში შენობების ილუმინაციის გამო იჩრდილებოდა, რაც საორიენტაციო მანათობლის ცუდ ხილვადობას იწვევდა და რის გამო ბათუმის პორტში შემავალ გემებს საფრთხე ექმნებოდა.