სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მაღაზიით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა.
დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“ ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც, პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.
საყურადღებოა ქალ პატიმართა მდგომარეობა, განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში, რომლებიც მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო, ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.
სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე და საკვებ პროდუქტებზე, – ნათქვამია განცხადებაში.