რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მდებარე 12 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში არსებული 12 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა და სასწავლო პროცესისთვის მზაობა შეამოწმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონის საბავშვო ბაღებს წელს კიევის ქუჩაზე მდებარე ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ოფისიც შეემატება, რომელიც ას ბავშვს მიიღებს.
დეპუტატის თქმით, ჩიტაიას ქუჩაზე უკვე დაწყებულია ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დასრულდება და 350 აღსაზრდელს მიიღებს.
,,წინა ხელისუფლების პერიოდში ჩემს სამაჟორიტარო ოლქში სკოლამდელი აღზრდის ოთხი დაწესებულება დაიხურა, შესაბამისად, ბავშვების გარკვეული რაოდენობა სხვა ბაღებში გადანაწილდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, აღნიშნული ვითარება შევამსუბუქოთ. რამდენიმე ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. არსებული მატერიალურ – ტექნიკური ბაზის ფარგლებში მოწესრიგდა სველი წერტილები და სათამაშო მოედნები. ჩვენ ასევე ყურადღებას ვამახვილებთ მეთოდოლოგიურ მიმართულებაზე და კვების ხარისხზე, რასაც მთელი წლის განმავლობაში გავუწევთ მონიტორინგს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.