მოსაცდელი ჯიხურების გარეშე დარჩენილი გაჩერებები – როდის დამონტაჟდება თბილისში ახალი ჯიხურები
ავტობუსის მგზავრებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ჯიხურები თბილისის რამდენიმე უბანში კვლავ არ დგას.
რამდენიმე უბნის გაჩერებიდან მოხსნილი ჯიხურები პირვანდელ ადგილზე თბილისის მერიას ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესცენტრში განუცხადეს, 100 ახალი მოსაცდელი ჯიხურის შეძენაზე ტენდერი ორ კვირაში გამოცხადდება და იქ, სადაც არ დგას, ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე ჯიხურები დაიდგმება.
გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით ყველა ამორტიზებული ჯიხური მოიხსნება და ახლით ჩანაცვლდება.
„ზუსტად როდის მოხდება, ამის თქმა რთულია, რადგან დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია. სავარაუდოდ, ზამთარის თვეებში“,-აღნიშნავენ მერიაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ 2015 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მიიღო და მიზეზად ოლიმპიადის ტურნირებზე მონაწილეების გადაადგილების მიზნით დანიშნული სპეციალური მარშრუტების არსებობა დასახელდა. მერიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ ოლიმპიადის დასრულებისთანავე მოსაცდელები პირვანდელ ადგილს დაუბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ადგილმონაცვლეობა არც ისე უსაფრთხოდ განხორციელდა და ახალი ჯიხურების დამზადება გახდა საჭირო.