ვლადიმერ ძნელაძე: დიდუბის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბავშვების მისაღებად მზად არიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
დეპუტატი და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ბაღებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ და ახალი სასწავლო წლისათვის მზადყოფნა შეამოწმეს.
როგორც ვლადიმერ ძნელაძემ აღნიშნა, მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ბავშვების მისაღებად მზად არიან.
,,წელს ბავშვებს შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო დახვდებათ, რაც განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შიდა სამუშაოების მასშტაბურობით გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, თითოეული საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა’’,-განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დედაქალაქში არსებულ რამდენიმე დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა პროცესი 14 სექტემბრისთვის ყველა ბაგა-ბაღში დასრულდება.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა 53 ათასს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები