ეკონომიკის ექსპერტი: ეროვნულმა ბანკმა კურსი ისევ გააფუჭა

ეროვნულმა ბანკმა კურსი ისევ გააფუჭა – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა წერს.როგორც დუნდუა აღნიშნავს, დღეს სავალუტო არასტაბილურობის პირობებში ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხის სახით 1 მილიარდ ლარს აწვდის კომერციულ ბანკებს და არც ერთ ცენტს – უცხოურ ვალუტაში.
ექსპერტის თქმით, აღნიშნულის პარალელურად, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებიდან 458 მილიონი დოლარი განთავსებული აქვს უცხოურ კომერციულ ბანკებში.
“ეროვნულმა ბანკმა კურსი ისევ გააფუჭა! გასული ხუთშაბათიდან რეფინანსირების და სადეპოზიტო სერტიფიკატების ინსტრუმენტების გამოყენებით კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება 18 მილიონი ლარით 590 მილიონამდე გაზარდა! თვალსაჩინოებისათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მინუს ნიშნით 105 მილიონს შეადგენდა, ანუ კომერციული ბანკებისაგან წმინდად გამორთმეული ჰქონდა 105 მილიონი ლარი. ჯერ კიდევ სავალუტო დესტაბლიზაციის დაწყებამდე, გასულ წელს სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკს მიუთითებდა, რომ კომერციული ბანკებისათვის ლიკვიდობის მხადასაჭერად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო დოლარის სესხად მიწოდება.
რა თქმა უნდა, ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანიო, ეწერა რეკომენდაციაში. დღეს სავალუტო არასტაბილურობის პირობებში ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხის სახით 1 მილიარდ ლარს აწვდის კომერციულ ბანკებს და არც ერთ ცენტს უცხოურ ვალუტაში. არადა, პარალელურად, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებიდან 458 მილიონი დოლარი განთავსებული აქვს უცხოურ კომერციულ ბანკებში. რა ხდება?! ჩვენი სავალუტო რეზერვები სხვა ქვეყნების კომერციული ბანკების კეთილდღეობას ხმარდება მაშინ, როცა პრობლემის მოგვარება ადგილობრივ საბანკო სექტორს სჭირდება. ასეთ პირობებში, როცა ადგილობრივ კომერციულ ბანკს 1მილიარდ ლარს მიაწვდი, ხომ ცხადია, რომ ეს ფული დოლარში გადახურდავდება და კურსიც გაფუჭდება. არ დავხარჯოთ, ანუ არ გავყიდოთ სავალუტო რეზერვები!, ერთ ცენტსაც ნუ დავხარჯავთ! მაგრამ ის თანხა, რაც სხვა ქვეყნების კომერციული ბანკებისათვის გვაქვს მირთმეული, ქართულ ბანკებს მივაწოდოდ სესხად ლარის ნაცვლად… ნუ გადაღვრით ლარს ასე გამეტებით… 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის მასა (M2) თითქმის 45%-ით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკა ჯამში – 15%-ით, არც კი. თუ ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად 400 მილიონ დოლარის სესხს მივაწვდით კომერციულ ბანკებს, ლარის მასა მნიშვნელოვნად შემცირდება და ეკონომიკის ზდის ტემპს დაუახლოვდება; დოლარის მიწოდება გაიზრდება, თან სავალუტო რეზერვებიც არ დაიხარჯება, არ გაიყიდება, არ განიავდება. დიახ, რეზერვები არ განიავდება, რადგან ეს იქნება კრედიტის მიწოდება ადგილობრივი ბანკებისათვის ნაცვლად უცხო ქვეყნების ბანკებისა (რისი მომსწრენიც დღეს ვართ). P.S. იხილეთ ეროვნული ბანკის სტატისტიკა და სავალუტო ფონდის რეკომენდაცია“,- წერს მიხეილ დუნდუა.

11297105_406918616180994_1250006277_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები