ექსპერტი: მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოა

„მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოა“,- ამის შესახებ განცხადებას მედიკამენტების გაძვირებაზე, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებასა და მედიკამენტების ხარისხზე, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ირაკლი სასანია აკეთებს.
სასანიას მტკიცებით, ვალუტის კურსის ცვლილებამ მედიკამენტების ფასებზე გარკვეული ცვლილებები მოახდინა, თუმცა არ ჩატარებულა რაიმე მასშტაბური კვლევა, რომლის მიხედვითაც საერთო სურათის ნახვაა შესაძლებელი.
მისივე თქმით, ყველა ვარიანტში ჯენერიკული წამლების მოხმარება საავადმყოფოსთვისაც და დამფინანსებლისთვისაც არის ყოველთვის სახარბიელო. სასანიას მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო მას ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში განიხილავს.
„საბედნიეროდ, ფასების ცვლილება ჯერჯერობით მძიმედ არ ასახულა საზოგადოებაზე, თუმცა მომავალში რა იქნება, ვარაუდიც რთულია“, – აცხადებს სასანია.
ექსპერტის აღნიშვნით, სახელმწიფოს მიერ წამლების შეძენა გლობალური მასშტაბით რთული იქნება.
„გარკვეული პროგრამის ფარგლებში შეიძლება ეს ეფექტური იყოს, რადგან სახელმწიფო დააფინანსებს მას და მომწოდებლისგან დიდი რაოდენობით პრეპარატის შესყიდვა უფრო იაფად მოხერხდება. ასეთ დროს ფასზე მომწოდებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

ძალიან ხანგრძლივი და სანდო საინფორმაციო სისტემა და დრო სჭირდება იმის დადგენას, თუ რომელ პრეპარატებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რათა სახელმწიფომ თავად იზრუნოს შემოტანაზე. თან თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის პირობებში ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი.

ჩვენთან შემოდის როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული და დაბალფასიანი წამლები. ხარისხი და სანდოობა, რა თქმა უნდა, ბრენდული წამლების მიმართ უფრო არსებობს და როცა ექიმი არჩევანის წინაშე დგება, ლოგიკურია, რომ პაციენტს ბრენდულ წამალს ურჩევს, თუ მას მისი შეძენის შესაძლებლობა აქვს.

შეიძლება პრეპარატი კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ თუ მას თვითნებურად მიიღებს ადამიანი, რაც ხშირად ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით ხდებოდა და ხდება ხოლმე, ორგანიზმი შეეჩვევა წამალს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სათანადოდ აღარ იმოქმედოს პრეპარატმა.

მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს“, – აცხადებს ირაკლი სასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები