საკრებულოში ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“- ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას, ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – რიმა ბერაძე და საბჭოს კოორდინატორი – მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
რიმა ბერაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, თბილისში ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, სხდომაზე, საბჭოს ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – „თბილისის“ შესახებ ინფორმაცია გააცნო. დიასპორის წარმომადგენლებმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და „საპატიო თბილისელის“ ნომინაციაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის ინიციატივით გამოვიდნენ.
მათი განცხადებით, ეს ადამიანი ეროვნებით ქართველი არ იქნება, თუმცა ის იქნება თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თავისი მეორე სამშობლოსთვის – საქართველოსთვის.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მერიის კონკურსის -„ჩემი თბილისობის“ შესახებ. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქალაქის ამ დღესასწაულის მიღმა დარჩენას არ აპირებენ და დღესასწაულში აუცილებლად ჩაერთვებიან.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საკრებულოსა და მერიაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სტაჟირების საკითხს. ამასთან ერთად, სომხური დიასპორის წარმომადგენელმა გენრიხ მურადიანმა საბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხურ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელთა დაწყებაც სწორედ საკოორდინაციო საბჭოს ძალისხმევითა და თანადგომით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები