თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და ბრიტანულმა სამხედრო ბენდმა მუსიკალური წარმოდგენა გამართეს
ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და ბრიტანულმა სამხედრო ბენდმა „The Salamanca Band & Bugles of The Rifles“ მუსიკალური წარმოდგენა გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიტანულმა ბენდმა თავდაპირველად მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით მარშირება მოაწყო. უნიკალური წარმოდგენის შემდეგ კი სამხედრო მარშები, ასევე თანამედროვე მუსიკის შედევრები შეასრულეს. საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი დაესწრნენ.
„სამხედრო ბენდებს შორის ასეთი კონტაქტები ჩვეულებრივი ამბავია. ევროპაში, მსოფლიოში ხშირად ტარდება ფესტივალები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მომავალი წლისთვის უკვე ვიყოთ სრულფასოვანი მონაწილეები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალის. ნებისმიერი ასეთი ტიპის ღონისძიება სასარგებლოა ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის. აქედან წასული ადამიანები, რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანაში საქართველოს შესახებ კარგ ამბებს მოჰყვებიან. კარგია, რომ მხოლოდ თბილისში არ ტარდება ეს კონცერტი და ისინი რამდენიმე ქალაქს მოივლიან. იმედი მაქვს, რომ იქ მოსახლეობას ექნება ინფორმაცია დროულად და მოახერხებენ მონაწილეობა მიიღონ და დაესწრონ ამ ძალიან ლამაზ ღონისძიებას“. – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ერთობლივი კონცერტი ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებას ემსახურება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ბრიტანეთის სამეფოს არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე. ევროპის მოედანზე კონცერტს თბილისის მოსახლეობასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობაც დაესწრო.
კონცერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზატორობით ჩატარდა.
გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი საქართველოში 10 სექტემბრამდე დარჩება და კონცერტებს გამართავს თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ორკესტრი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.