სტეფანწმინდაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
დაბა სტეფანწმინდაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“ გაიმართა. გარბენში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავებული 6 ჯარისკაცი მონაწილეობდა. 42-კილომეტრიან ესტაფეტაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის გუნდებიც იყვნენ ჩართულნი.
დაშავებულმა ჯარისკაცებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პირველი სამი საპრიზო ადგილი გაინაწილეს.
„ყაზბეგის მარათონი“ წელს მეექვსედ გაიმართა. საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრზე მიმდინარეობდა, ქართველების გარდა უცხოელებიც მონაწილეობდნენ. სპორტული შეჯიბრი ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.