დავით ნარმანია ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის გამართულ ერთდღიან სემინარს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავასთან ერთად, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის გამართულ ერთდღიან სემინარს დაესწრო.
ღონისძიებაზე დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფრომაცია მიაწოდა. საუბარი ბაგა-ბაღებში კვებისა და ჰიგიენის სტანდარტებს, ბავშვთა უფლებების დაცვას და სასკოლო მზაობის პროგრამას შეეხო, რომელსაც განათლების სამინისტრო მომდევნო სასწავლო წლიდან განახორციელებს.
თბილისის მერის განცხადებით, 2015 წელს ბაგა-ბაღების პედაგოგების სოციალური დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ: 2015 წლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბაგა-ბაღების თანამშრომელთათვის უფასო გახდა. ამასთანავე, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულები 6 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ, გარდა ამისა წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, კერძოდ, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის სისტემები, 70-ზე მეტ ბაღში დამონტაჟდა და აღდგა დანგრეული ღობეები, ასევე, გამოცხადდა ტენდერი და 30-ზე მეტი ბაგა-ბაღის ეზო ატრაქციონებით აღიჭურვება. 2015-2016 სააღმზრდელო წლის განმავლობაში რამდენიმე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაც დასრულდება.
„ბაღებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, დამატებით გარემონტდა ოთხები და 3 000-ზე მეტი ბავშვის მიღება შევძელით, ბაღების ტერიტორიაზე ბავშვებთნ ერთად დავრგეთ ხეები, მოხდა ბაღების ტერიტორიის შემოღობვა, შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები კი ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მოწესრიგებულები ვხვდებით. მომდევნო წელს უფრო მეტი ამოცანის შესრულება გვაქვს დაგეგმილი. მინიმუმ 10 ახალი ბაღის მშენებლობის დავალება იქნა გაცემული ჩემი მხრიდან, ასევე დამატებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან და პედაგოგების გადამზადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უმთავრესი ამოცანები, რომელზეც ჩვენ მომავალ წელს ვიმუშავებთ“,- განაცხდა დავით ნარმანიამ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავას განცხადებით, დაგეგმილია აღმზრდელებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. ბაგა-ბაღებში 2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 14 სექტემბრიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები