ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სიმბოლური კაფსულა ჩადო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება და 400-მდე ბავშვი მომდევნო სასწავლო წლიდან ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
“ეს არის მე-7 საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ. აქ, ბაღის ძველ შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემა შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციით მოგვარდა. შემდეგ მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა, რითიც კიდევ ერთი დანაპირები შევუსრულეთ მოსახლეობას”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 6 000 კვ.მ მიწის ფართობზე 1 700 კვ.მ ორსართულიანი შენობა აშენდება. შეიქმნება აღსაზრდელთა 11 ჯგუფი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს, დასაქმდება 65-მდე ადამიანი.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ეზო და გამწვანების ზოლი. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის შენობის ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც 2011 წელს მძიმედ ავარიულობის გამო დაიხურა, სააღმზრდელო პროცესი კი მიმდებარედ არსებულ N7 საჯარო სკოლის შენობაში გაგრძელდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღის ჯგუფები პირვანდელ ლოკაციას დაუბრუნდება.