საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რეკომენდაციები შემუშავდა

საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების, ბუნებრივი და სხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებში მოსწავლეების ქცევის მართვისა და მოზარდების დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საჯარო სკოლების ჩართულობით, კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდა. პროექტის პრეზენტაციას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაეცნო.
როგორც “კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული რეკომენდაციები ორიენტირებულია თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწაზე, რაც ხელს შეუწყობს წარმატებული სასწავლო პროცესის წარმართვას. რეკომენდაციები მოიცავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, საჯარო სკოლებში საგანგებო სიტუაციების შტაბების შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც ჩართულნი იქნებიან მანდატურები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები; მოსწავლეთა საინფორმაციო კამპანიას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ საგანგებო სიტუაციაში; ამ პროცესის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა თემატური საჩვენებელი გაკვეთილები და სხვა. პროექტი გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლის სკოლის დირექცია და პროექტში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა ინსტიტუციად, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ პერიოდთან შედარებით საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი30%-ით შემცირდა”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები