გელა დუმბაძე: ლევილის მამულის დიაგნოსტიკისა და სამუშაოებისთვის 107 ათასი ევრო გამოიყო
დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესია მიღწეული.
როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერის და ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერით, ლევილის მამულის დიაგნოსტიკისა და წინასწარშეფასებითი სამუშაოებისთვის 107 ათასი ევრო გამოიყო.
„ლევილის მამულის გადმოცემის კომისიის მიერ, ფრანგულ მხარესთან ერთად, ჩატარებულია ორი სერიოზული რაუნდი, რომლის მიხედვითაც ლევილის მამულის მომავალი მოწყობის პროფილი განისაზღვრა. ეს იქნება „ვილა მედიჩის“ ტიპის დაწესებულება, სადაც მომავალში ქართველი მაგისტრანტები, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ კულტულ-სამეცნიერო საქმიანობაში.
ეს ჩვენი პირობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ფრანგულმა მხარემ უახლოესი თვეების განმავლობაში განახორციელოს დიაგნოსტიკური და ტექნიკური შეფასება. გააქტიურებულია და მონახულია ძალიან კარგი ფორმატი, ფრანგული მხარე წარმოდგენილია ვერსალის არქიტექტორის სახით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება დიაგნოსტიკური სამუშაოები და დაიწყება ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი. ეს არის ევროპის შუაგულში 5 ათასი კვ. მეტრი და მე ძალიან დიდი იმედებით ვარ გამსჭვალული ამ პროექტის მიმართ“, – განაცხადა გელა დუმბაძემ.