თავდაცვის სამინისტრო ვაკანსიებს აცხადებს

 

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ვაკანსია გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ამავე ჰოსპიტლის მოადგილე ეკონომიკის დარგში და პროტოკოლის სამსახურის უფროსი.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ განაცხადა, უწყებას სურს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი აამაღლოს.

„გვინდა, ახალი შტატების მიღებით, თავდაცვის სამინისტროში გამჭვირვალობის, სამართლიანობის ხარისხი ავამაღლოთ. სამინისტროს მოტივაცია არის, რომ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა იმ ვაკანსიებზე, რომლებიც არის დღეს სამინისტროში. გვინდა, მივცეთ გარანტია საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ კონკურსებში მონაწილეობის მიღების პროცესი იქნება სამართლიანი. ვინაიდან, სამინისტრო თავად არის დაინტერესებული უკეთესი ადამიანური ძალის მოზიდვისა. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდა ლიდერების თანამონაწილეობა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდაში და, შესაბამისად, ხელი გავუწოდოთ მათ და მივცეთ გარანტია, რომ ჩვენი კარი ღიაა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 14 სექტემბრამდე და როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, თავდაცვის სამინისტრო კიდევ მრავალ პოზიციაზე გეგმავს ვაკანსიის გამოცხადებას. მათ შორის, ანა დოლიძის განცხადებით, ბევრი ვაკანსია იქნება სამხედრო პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები