კახეთში სტიქიით დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა კახეთის რეგიონში, ყვარელსა და ლაგოდეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 21 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა – რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით ტარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგულარულად განახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად აღმოიფხვრას სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო ხარვეზები.
სტიქიის შედეგად სულ 1335 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან, დაახლოებით 600-600 სახლის სახურავია დაზიანებული ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო 135 – ახმეტის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა შემოდგომა-ზამთრის სეზონს კახეთის რეგიონის მოსახლეობა გადახურულ სახლებში შეხვდეს.