კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ვიცე-მერობის კანდიდატს ლაშა აბაშიძეს მოუსმინეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 6 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
როგორც “კვირას” საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ (ვიცე-მერი) ლაშა აბაშიძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა გამგებლობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის, განსაკუთრებით კი 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი ოპერატიულობისთვის ლაშა აბაშიძეს მადლობა გადაუხადეს.
ვიცე-მერობის კანდიდატმა საკრებულოს წევრებს ვაკის რაიონის გამგებლად მუშაობის პეროდში განხორციელებული პროექტების პროდუქტიულობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამასთან, ქალაქის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები წარმოადგინა. სხდომის მსვლელობისას დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ლაშა აბაშიძემ დეტალური პასუხები გასცა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე იქნა გატანილი. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ლაშა აბაშიძის თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დანიშვნის საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გატანას დაუჭირა მხარი. დღესვე დეპუტატებმა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და საპროექტო დოკუმენტაციების მომსახურებასა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შეყიდვით განხორციელებას თანხმობა მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები