სამართალდამცავები 14 წლის დავით ლურსამანაშვილს ეძებენ – მოზარდი სახლიდან 29 აგვისტოს გავიდა და აღარ დაბრუნებულა

უკვე ერთი კვირაა მშობლები 14 წლის დავით ლურსმანაშვილს ეძებენ. როგორც „კვირას“ დაკარგული მოზარდის მამამ გოჩა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მისი შვილი სახლიდან 29 აგვისტოს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
დათო ლურსმანაშვილი და მისი მშობლები რუსთავში ცხოვრობენ. ის მე-9 კლასელია.
„29 აგვისტოს საღამოს დათომ დედამისს 1 ლარი გამოართვა და რუსთავში ინტერნეტკაფეში წასულა. „ჯეობეთში“ ხშირად დადიოდა. იმ საღამოს სახლში აღარ მოსულა. დათო ადრეც მიდიოდა ხოლმე სახლიდან, თუმცა 2-3 დღეში უკან ბრუნდებოდა, ეს მისი პირველი შემთხვევაა, როდესაც უკვე ერთი კვირაა სახლში აღარ დაბრუნებულა. სოფელში, ხარაგაულის რაიონშიც დავრეკე და ყველგან, სადაც შეიძლებოდა, მოვიკითხე, თუმცა, შვილს ვერ მივაგენი“, – აღნიშნა გოჩა ლურსმანაშვილმა. მისი თქმით, მან სამართალდამცველებსაც მიმართა. როგორც „კვირას“ მოზარდის მამამ განუცხადა, მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ 14 წლის მოზარდი თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაფეში შეამჩნიეს.
„კვირამ“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შს სამინისტროში გადაამოწმა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართლამდაცველები მოზარდს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. ცნობისათვის, დათო ლურსმანაშვილს კიდევ ერთი უმცროსი ძმა და დედ-მამა ჰყავს. თუ ვინმეს შემთხვევით შეგხვდათ ამ ფოტოზე გამოსახული დავით ლურსმანაშვილი დარეკეთ ნომერზე: – 595 221436.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები