თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაიწყება – პროექტის შესრულებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული

მთავრობამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობა გასცა.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას, რისთვისაც ხუთდღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.
ნარმანიამ დაინტერესებულ კომპანიებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ, განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და ორ მილიონ ლარამდე სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურსა და დენდროლოგიურ პარკს შორის განთავსდება. ამისთვის განსაზღვრულია 47 ჰექტარი ფართობის შემოღობვა.
ამასთან, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ახალი ზოოპარკის აშენებამდე უახლოეს ათ დღეში ძველი ზოოპარკი კვლავ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები