ბასა ჯანიკაშვილი ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვას მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირებს
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის დახურვა მის ოჯახურ მდგომარეობას უკავშირდება, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, სადაც ეკა მიშველაძემ კითხვა ბასა ჯანიკაშვილს თავად დაუსვა. მისივე თქმით, არის ინტერესთა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლე უძღვებოდეს პოლიტიკურ გადაცემას, რაზეც ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილს უთხრა, რომ მაუწყებლის კოდექსს ის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მსგავსი რამ იქ არ წერია.
“ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა”, – განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა.
ამის შემდეგ ჯანიკაშვილმა შეხვედრაზე წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან, – “საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს”.
“გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პატრიაშვილს გაჰყვა ცოლად.