აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორების და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა თანხმდება პოზიციაზე, რომ აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვა არ მოხდება. როგორც “ახალი უნივერისტეტის” რექტომა თამარ გარდაფხაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მაია მიმინოშვილის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს. “ჩვენ მოვისმინეთ მაია მიმინოშვილის პოზიცია. მან სამართლიანად განაცხადა, რომ აბიტურიენტების შეცდომის გამო მეორადი ჩარიცხვის უფლება არ უნდა მიეცეთ, კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მაია მიმინოშვილს”, – განაცხადა თამარ გარდაფხაძემ.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს უნივერისტეტის” წარმომადგენლმა მანანა სანაძემ.
მისივე თქმით, მეორადი ჩარიცხვები ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.
“პარასკევს რეგისტრაციას ვასრულებთ, ორშაბათიდან უკვე სასწავლო პროცესი იწყება, სემინარები, გაცნობითი პროცედურები და მეორადი ჩარიცხვები ტექნიკურად შეუძლებელია. გამოდის, რომ 2 200 სტუდენტი გვყავს და 300 სტუდენტის გამო მათ პრობლემები უნდა შევუქმნათ”, – განაცხადა მანანა სანაძემ.