დავით სეერგენკო ჰეპატიტის მსოფლიოს სამიტზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ქალაქ გლაზგოში ჰეპატიტის მსოფლიო სამიტზე მოხსენებით წარდგა. დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე პირველი მოხსენებით გამოვიდა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ქვეყნისა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა დაიწყო С ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან სხდომის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის მიერ საქართველო დასახელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამოდელო ქვეყნად.
დავით სერგეენკომ დამსწრე სახელმწიფოების ჯანდაცვის ლიდერებს გააცნო, თუ როგორ დაიწყო და მიმდინარეობს პროგრამა საქართველოში.
სამიტზე განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰეპატიტების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიუწვდომელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჰეპატიტებით ინფიცირებულია 400 000-ზე მეტი ადამიანი და ყოველწლიურად ამ დაავადებით 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება. 2013 წელს ჰეპატიტმა სიკვდილის მიზეზთა შორის მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამ და ვაქცინაციის პროცესის აქტიურმა განხორციელებამ, შესაძლებელი გახადა ამ ქრონიკული დაავადების მართვა და დაავადების განვითარების თავიდან აცილება. ეს უდიდესი ნაბიჯი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიაში. ახლა კი საჭიროა ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგას С ჰეპატიტის მართვის მიმართულებით. სამიტის მონაწილეებმა ქვეყნებს მოუწოდეს, დანერგონ С ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს ჰეპატიტის აღმოფხვრა მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ გლაზგოში 2-4 სექტემბერს, პირველად ტარდება ჰეპატიტის მსოფლიოს სამიტი, რომელსაც მასპინძლობს შოტლანდიის მთავრობა ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსთან ერთად.
სამიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა ჰეპატიტების ახალი გლობალური სტრატეგიის პროექტი 2016-2021 წლებისთვის. სტრატეგია შესთავაზეს ქვეყნებს განხილვისთვის. ჯანმოს გენერალური ასამბლეა მას მომავალი წლის მაისში დაამტკიცებს.