რუსეთში უცხოურ სარეცხ საშუალებებს გაყიდვიდან ამოიღებენ
რუსეთის სადისტრიბუციო კომპანიებმა „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებით, გაყიდვიდან უცხოური სარეცხი და საწმენდი საშუალებების ამოღება დაიწყეს. „გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, საუბარია ისეთი კომპანიების პროდუქციაზე, როგორებიცაა Henkel, Procter & Gamble და Colgate-Palmolive.
როგორც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციაშია მითითებული, ამ კომპანიების პროდუქციის ნაწილი ნორმატიულ მოთხოვნებს არ პასუხობს. „კომერსანტს“ ამ უწყების ხელმძღვანელი ანა პოპოვას წერილი მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქციის ნაწილი სანიტარულ-ქიმიური და ტოქსოკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება.
წერილში მითითებულია, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის პრევენციის მიზნით მიღებული უნდა იყოს ზომები გაყიდვიდან ამ პროდუქციის ამოღების მიზნით.