ამსტერდამი – პარიზის მატარებელში მამაკაცმა სროლა ატეხა
საფრანგეთში, ამსტერდამი – პარიზის მატარებელში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა სროლა ატეხა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გამოცემა Voix du Nord-ის ინფორმაციით, შემთხვევა Thalys International-ის მატარებელში მოხდა. ფრანგული გაზეთ Le Monde-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მგზავრებმა გააუვნებელყვეს, რომელთა შორის ორი ამერიკელი სამხედრო აღმოჩნდა. ისინი სროლის ხმის გაგონებაზე დამნაშავეს თავს დაესხნენ და იარაღი წაართვეს. „ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ, ადგილზე საგანგებო სასმახურების წარმომადგენლები მუშაობენ“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ კომპანია Thalys-ის წარმომადგენელმა.
სროლის შედეგად დაიჭრა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე. მატარებელში მყოფმა ფრანგმა მსახიობმა ჟან – იუგ – ანგლადმა მცირე ტრავმები მიიღო, როდესაც საგანგაშო სიგნალის მისაცემად მინა ჩაამსხვრია.
ბოროტმოქმედი სადგურ არასზე ჩამოსვეს და ის ამჟამად ქალაქის კომისარიატში იმყოფება. იქ უკვე გაემგზავრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი.
მომხდარს უკვე მისცეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.