ბერუჩაშვილი ტუსკის ვიზიტს “ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტს აფასებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრისას დღევანდელი დიალოგი მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია.
“ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება წარმატებით ამოქმედდა და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. რასაკვირველია ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის დეოკუპაცია და ის სირთულეები, რაც დღეს არის სახეზე. განხილვის თემა იქნება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვთან ურთიერთობა ევროკავშირისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ეს არის არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თემა. ასე რომ, ეს ვიზიტი და დღევანდელი დიალოგი მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგშია და ყველა იმ პრიორიტეტულ თემას, რომელიც ასევე დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის: ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გასულ კვირას უნდა შემდგარიყო, თუმცა საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, გადაიდო. ვიზიტის გადადების შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და დონალდ ტუსკის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 21 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები