„ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ბანერის გადმოწევის ფაქტზე ჩვენი რეაგირება იქნებოდა რაკეტები, არასერიოზული მიდგომაა“

ჩვენ გვაქვს უფლება შევზღუდოთ გადაადგილება, როდესაც სამართალდამცავები ხედავენ საფრთხეს, – ამის შესახებ  საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.

„რომ არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და საფრთხე არ შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ გამოვიყენეთ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შევზღუდეთ გადაადგილება. ჩვენ გვაქვს უფლება შევზღუდოთ გადაადგილება, როდესაც სამართალდამცავები ხედავენ საფრთხეს. ეს შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. პოლიციელებს დასპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფების წარმომადგენლებს დღემდე აქვთ საშუალება ტერიტორიაზე გადაადგილდნენ და პერიმეტრის დაცვა უზრუნველყონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არ აქვს საშუალება ძალით დაუპირისპირდეს ბანერების გადმოწევის ფაქტს. მისი თქმით, მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა.

„სამწუხაროდ, ამ კონფლიქტის მთელი პრობლემა სწორედ ის არის, რომ საქართველოს არ აქვს საშუალება მყისიერად მოაგვაროს ეს პრობლემა, დაუპირისპირდეს ბანერების გადმოწევას ძალით და აღკვეთოს ძალით ეს ხელყოფა ჩვენი სუვერენიტეტის. მეორეს მხრივ, მთავრობა აკეთებს და ახლაც გააკეთა ყველაფერი, რაც მის ხელთ არის და გამოიყენა ყველა ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტები არის პირველ რიგში დიპლომატიური ბერკეტები. ამ ფაქტის შესახებ მოხდა ყველა ჩვენი მოკავშირის ინფორმირება და დაუყოვნებლივ გააკეთეს განცხადებები ჩვენი პარტნიორი ქვეყების წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭომ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა და ა.შ. ჩვენს ხელთ არის სხვა ინსტრუმენტებიც. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი მობილიზება, ეკონომიკური განვითარება ადგილზე მოსახლეობის მეტი დაცვისთვის, მათი ყოველდღიური არსებობის დასაცავად და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ადგილის მოპოვება ნატოსა და ევროკავშირში. სხვა ბერკეტი, რომელსაც საქმეში ჩახედული რომელიმე ადამიანი ან მეგობარი ქვეყანა გვირჩევს, რომ გამოვიყენოთ, ამ ეტაპზე არ არის. ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ ბანერის გადმოწევის ფაქტზე ჩვენი რეაგირება იქნებოდა რაკეტები, სამხედრო ძალის გამოყენება, ეს არის არასერიოზული მიდგომა მათი მხრიდან”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ კონფლიქტის მთავარი შეკითხვა არის სწორედ ის, რომ რა მოხდება მაშინ თუ რუსეთმა მოახდინა მეტი ტერიტორიის ოკუპირება.

“ჩვენ ვნახეთ, როდესაც რეაქცია იყო სამხედრო ძალის გამოყენება, რა მოჰყვა ამას. ჩვენ ვნახეთ, რომ სამ დღეში საქართველომ დაკარგა ბევრად მეტი ტერიტორია, ბევრად მეტი მსხვერპლი და ქვეყანამ მიიღო დიდი ზარალი. ჩვენ დავკარგეთ ხეობა, ათეულობით ტექნიკა, უამრავი სოფელი. ეს არის წარსული, მაგრამ ეს არის გაკვეთილი. შეკავების სულ რამდენიმე შესაძლებლობა აქვს საქართველოს. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება და მოიპოვოს ადგილი იმ ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები