„მეწყრის სხვადასხვა ზონაში საფრთხის შემცველი უბნებია, რომლებიც შეიძლება წვიმის ან ქარის დროს დაიძრას“

„მეწყრის სხვადასხვა ზონაში საფრთხის შემცველი უბნებია, რომლებიც პერსპექტივაში შეიძლება დაიძრას“,- აღნიშნული განცხადება “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა სუხიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.
ლაშა სუხიშვილმა ექსპედიციის ფარგლებში ახალდაბა -კოჯრის და ბეთანიის მეწყერსაშიში ზონები შეისწავლა. მისი განმარტებით, მეწყერსაშიში ზონები შესაძლოა, წვიმის, ქარის ან ნებისმიერი ვიბრაციის შემთხვევაში დაიძრას.
„კოჯრის ზონაში უფრო კლდეზვავის ტიპის მეწყერი შეინიშნებოდა, მოწყვეტილია კლდოვანი ქანი და მორები, რომლებიც შემდგომ მდინარეში ჩავიდა. ახალდაბის მონაკვეთიდან უფრო დაბლა ციცაბო, დახრილი ფერდობი ნაკლები დახრილობის რელიეფში გადადის, ამიტომ ამ დიდი რაოდენობის მიწა დაგროვდა, რომელიც გაჟღენთილ მდგომარეობაში დაიძრა და წარმოიქმნა ღვარცოფი. მეწყრის სხვადასხვა ზონაში საფრთხის შემცველი უბენებია, რომლებიც ახლო, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დაიძრას. დაღვრის მიზეზი შეიძლება წვიმა, ეროზია, ნებისმიერი ტიპის ვიბრაცია ან ქარი გახდეს. ზოგიერთ უბანზე საფრთხის შეკავება შესაძლებელია, ზოგის შედეგად კი გამოსავალი კვლევის შედეგად ხელოვნური ჩამოშლა იქნება. ამ უბნების ნაწილი უმნიშვნელოა, ნაწილი კი მასშტაბურია. მოწყვეტილი მასა მთლიანად არ ჩასულა მდინარემდე, გაწმენდის არეალამდე, მეწყრის მთლიან სხეულზე კუნძულებად არის შემორჩენილი ის უბნები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ. მათი დაძვრის შემთხვევაში გამორიცხული არ არის, მან იგივე შედეგები გამოიწვიოს. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს შეფასება იმისა, თუ რომელი უბანი რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს და დაძვრის შემთხვევაში შემდეგ უკვე საინჟინრო გადაწყვეტილებებია მისაღები, თუ როგორ აღდგეს გზები ისე, რომ ყოველი შემდგომი მცირე ან საშუალომასშტაბიანი მეწყრის დროს მსგავსი პრობლემები აღარ იყოს. ვერეს წყალშემკრებ აუზზე უნდა გაკეთდეს კვლევები, რომელ მონაკვეთზე რა ბუნებრივი საფრთხეებია, სად რა პარამეტრებია და რა ტიპის სენსორებია დასაყენებელი“, – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები