სოფელ ახალდაბამდე მისასვლელი გზა ხვალამდე აღდგება
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბამდე მისასვლელი გზა ხვალამდე აღდგება, – სტიქიის ზონაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ სტიქიის პირველივე დღიდან, მხარდაჭერა აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოსახლეობას უკვე მიეწოდა სურსათი, პირველადი მოხმარების ნივთები, საწვავი და გენერატორები, რადგან სტიქიის გამო, სოფელში ელექტრომომარაგება შეწყვეტილია. პრემიერის დავალებით, მოსახლეობას დღესვე გაეგზავნება მედიკამენტები, ასევე სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან მედიკოსები და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
“გზის ნახევარზე მეტი გაწმენდილია, დღის ბოლომდე ან მაქსიმუმ ხვალ, გზა გაიხსნება, რის შემდეგაც შემოვიყვანთ ტექნიკას და დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენ აღვწერთ ყველა ოჯახის მდგომარეობას და ზარალს მაქსიმალურად ავუნაზღაურებთ, რადგან ამ ხალხს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძლებთ, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში გავაკეთოთ. ადგილობრივების ნაწილი, ქალები და ბავშვები, ჩვენ გუშინ უკვე გადავიყვანეთ თბილისში, დღეს მათ უკვე დროებით განვათავსებთ წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე, რათა მათ იცხოვრონ კომფორტულად, ვიდრე სოფელი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს”,-განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია, რათა მთავრობა მოსახლეობას მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით. პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ გამეზარდაშვილს, რომელიც სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ არის ჩართული. ახალდაბაში, მთავრობის მეთაურთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდნენ.