“ქობულეთის ქუჩაზე დადის შავი პანტერა”, ვეძისში იაგუარი აღმოაჩინეს – ფეისბუქის მომხმარებლები
“ქობულეთის ქუჩაზე დადის შავი პანტერა”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი წერს და მოსახლეობას გარეთ გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგობიანი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, შავი პანტერა ფარეხიდან დაახტა ცარიელ მანქანას და გაიქცა.
“ჩემო თანამოქალაქეებო, განსაკუთრებით ვერა- ვაკე! ძალიან გთხოვთ, ფრთხილად იყოთ.. ქობულეთის ქუჩაზე დადის შავი პანტერა (დაინახეს 3/15 ფარეხიდან დაახტა ცარიელ მანქანას და გაიქცა) ! გემუდარებით, იყოთ ფრთხილად, გადარეკეთ ახლობლებლებთან, მაქსიმალურად ყველას შეატყობინეთ! შინაური ცხოველები გადამალეთ, ფანჯრები და კარებები გადაკეტეთ! სახლებიდან ნუ გამოხვალთ! იმედი მაქვს, ყველა სამსახური მობილიზებულია და მოახერხებენ, რომ დაჭერისას, არ მოჰლან! ჟურნალისტებო, აბა, თქვენ იცით, მაქსიმალურად გააგებინეთ ხალხს და იქნებ ასწავლოთ, როგორ მოიქცნენ”,- წერს გიორგობიანი და თავისივე ფეისბუქის სტატუსის ქვემოთ პროდიუსერ ნატო დუმბაძის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი აქვს მითითებული, რომელიც შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
“ქობულეთის ქ.3/15 თვითმხილველის გადმოცემით, სავარაუდოდ, ავაზა,რომელიც იმყოფებოდა “გარაჟის” სახურავზე, გადმოვარდა და დაეცა ავტომობილს, რომელსაც ჩაემსხვრა შუშა (პარპრიზი)”,-წერს დუმბაძე. გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოზე, ვეძისის დასახლებაში იაგუარია ნაპოვნი და ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე ლომი აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ თუ დაინახეთ ცხოველი, უნდა შეატყობინოთ თბილისის ზოოპარკს მითითებულ ნომერზე: 595333572.