ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს – ამის შესახებ ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. მისი თქმით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. დეკანოზის თქმით, ამ დღეებში ექნებათ ინფორმაცია დასახმარებელი ოჯახების შესახებ და თითო ოჯახი გადანაწილდება თითო ეკლესიაზე. “როგორც უწმინდესის ქადაგებიდან შეიტყვეთ, მისმა უწმინდესობამ მცხეთა-თბილისის სამღვდელობას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს მოგვცა დავალება და ლოცვა-კურთხევა, რომ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ, დაზარალებულ თითო ოჯახს თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში ეკლესია დაეხმარება ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდ არ დავტოვებთ”, – აღნიშნა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, თუ აუცილებლობა იქნება, დაეხმარებიან ასევე გარდაცვლილთა ოჯახებსაც, ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გარკვეულ დახმარებას გეგმავს, ეკლესიის დახმარება, სავარაუდოდ, სულიერების ფარგლებში იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრების წინამძღვრებს მოუწოდებს, სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებზე მზრუნველობა აიღონ.
13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგებს პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დაწყებამდე ქადაგებისას გამოეხმაურა.