პატრიარქი: იმედია, მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს
სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი სრულდება.
მსახურების დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესი მიესალმა ტაძარში მყოფ საქართველოს მთავრობის წევრებს, პრეზიდენტს, პრემიერს და აღნიშნა, რომ დღეს სრულიად საქართველო გლოვობს.
“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს, გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მიმართა თბილისში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებს, მოძღვრებს ყურადღება მიაქციონ გარდაცვლილთა ოჯახებს ამ გაჭირვების ჟამს. ამასთან, პატრიარქის თქმით, იგი გუშინ იყო გასული და ნახა, როგორ შრომობდნენ ახალგაზრდები თავდადებით.
“მე მინდა ასევე დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენმა ახალგაზრდობამ გამოიჩინა რაღაც საოცარი თავდადება და მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა დასახმარებლად”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება.
“მწუხარება, იმედია, სიხარულით შეიცვლება და ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ჩვენი ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი არ განმეორდეს. უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რაც მოხდა და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა”, – ბრძანა უწმინდესმა. უწმიდესმა ისურვა, მშვიდობა და სიხარული მისცეს უფალმა საქართველოს.