კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, 14 ივნისის დილის 9 საათიდან 15 ივნისის დილის 9 საათამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით გამოწვეული 112 ავარიული დაზიანება აღადგინა. წყალდიდობამ განსაკუთრებით წყალარინების ქსელები დააზიანა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის 35 საავარიო და სადისპეტჩერო ბრიგადა, სპეც-ტექნიკა სრულად მობილიზებულია. ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადები მელიქიშვილის ქუჩაზე ჩავარდნილი გზის აღსადგენად მუშაობენ. მდ. ვერეს მიერ მოწყვეტილი მაგისტრალური მილდენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ს. ჩიქოვანის ქუჩაზეც. გუშინ, გვიან ღამით 00:30 საათისთვის დასრულდა 500 მმ-იან მაგისტრალური წყალდენის აღდგენა და სტიქიის გამო შეწყვეტილი წყალმომარაგება აღუდგა ბაგების ქვედა ზონას, ზედა ზონას წყალმომარაგება დღეს დღის განმავლობაში აღუდგება. კომპანიის ბრიგადები დედაქალაქის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ წყლისა და წყალარინების ქსელების მონიტორინგს. კომპანია დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ. წყალმომარაგების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდსა დავებგვერდზე, ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე +995322 931111.