EBRD “ავერსი ფარმას” 10,9 მლნ დოლარის ღირებულების სესხს გამოუყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი “ავერსი ფარმას” 10,9 მილიონი დოლარის ღირებულების სესხს გამოუყოფს.
შესაბამის შეთანხმებას დღეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სესხი მოხმარდება თბილისში, 135-საწოლიანი ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს რეკონსტრუქციას და მარნეულში, 84-საწოლიანი ზოგადი პროფილის, მათ შორის, პედიატრიული და სამშობიარო მიმართულების საავადმყოფოს მშენებლობას. სესხის ნაწილი ფარმაცევტული პროდუქციის შეძენასა და პაციენტთა მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესებას მოხმარდება.
როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე ხდება, როდესაც ხელშესახები შედეგი დგება თბილისში ჩატარებული EBRD-ის ყოვეწლიური შეხვედრისა.
“ეს არ არის ერთადერთი გარიგება, რომელიც დაიდო ყოვეწლიური შეხვედრის ფარგლებში. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში ძალიან წარმატებული გამოდგა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ბენეტმა აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში უკვე მოეწერა ხელი საქართველოში 24 მილიონი ევროს ინვესტიციას. ფილიპ ბენეტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის მეშვეობით წელს საქართველოში იმავე ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც წინა წელს იყო – საუბარია 200 მილიონ ევროზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუციური ინვესტორია. საქართველოში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა ქვეყანაში 2.6 მილიარდი ევროს ინვესტირება განახორციელა 178 პროექტში.