განათლების სამინისტრო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც აუდიტის სამსახური ანგარიშის საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც უწყება სამინისტროში ფინანსური აუდიტის მიმდინარეობაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფინანსური აუდიტის მიმდინარეობაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს იმისათვის, რომ პარლამენტს წარუდგინოს. სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პროექტში არანაირ კანონთან შეუსაბამო ქმედებაზე საუბარი არ არის. სამინისტრომ ყველა კითხვაზე წარადგინა დასაბუთებული არგუმენტი და ანგარიშზე ოფიციალურ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშის საბოლოო ვერსიას პარლამენტს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო აუდიტს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პროექტი, რომელიც სამინისტროში გამოიგზავნა იმისათვის, რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე სამინისტროს მხრიდან მიეღოთ მოსაზრებები და არგუმენტები. ეს პროცესი ყველა სახელმწიფო უწყებაში მიმდინარეობს. ისმება კითხვები, რის შემდეგაც ორივე მხრიდან შეჯერებული არგუმენტების საფუძველზე დგება საბოლოო ანგარიში.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო აუდიტის მხრიდან ჩამონათვალი და მითითებები გასულ წელს გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამუშაო პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტი დაიხვეწა და გასწორდა. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს წელსაც. შესაბამისად, მხოლოდ ამ მომენტისათვის არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაიმე დასკვნის გაკეთება, გაუმართლებელია.
როგორც აღვნიშნეთ, არსებული დოკუმენტი არ წარმოადგენს იმ სახის ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც იძლეოდა რეალურ სურათს. შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ გამოყენებული მასალა არ წარმოადგენდა ანგარიშის საბოლოო ვერსიას და არც საჯარო ინფორმაციას. სწორედ, ამიტომ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროება მიგვაჩნია არამართებულ ქმედებად”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები