„სითი-პარკის” წინააღმდეგ, ყოველი თვის 5 რიცხვში აქციები გაიმართება

ხვალ, 28 აპრილს, 5 საათზე მერიასთან მძღოლები და ავტომოყვარულები ,,სითი-პარკის” წინააღმდეგ აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლა და ქალაქიდან მისი გაძევებაა. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, 5 მაისს, პარლამენტის წინ მორიგი, გაცილებით მასშტაბური აქციით იმუქრებიან. ამის შესახებ გაზეთი ,,რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს.
ორგანიზატორთა ერთი ნაწილი შეკრებასა და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას ყოველი თვის 5 რიცხვში აანონებს. ,,ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მათ პროტესტს ბევრი შეუერთდება, რადგან ქალაქში მძღოლი არ არსებობს, რომელიც ,,სითი პარკით“ კმაყოფილია. პირველ ეტაპზე, ანუ ხვალინდელ აქციაზე მძღოლები ქვეითად, ავტომობილების გარეშე შეიკრიბებიან. სამომავლოდ აქციებს უკვე სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად გეგმავენ“,- წერს გაზეთი. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელთაც აქციაზე წამოაყენებენ.
ელისაშვილის განცხადებით, ხვალ სამი პუნქტის შესრულებას მოითხოვენ, პირველი, ქალაქიდან გაძევებულ იქნას ,,სითი პარკი“, მეორე, დროებით მენეჯმენტი მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღოს და მესამე, მიუკერძოებელი ტენდერი გამოცხადდეს. ,,დარწმუნებული ვარ, აქციაზე ბევრი ხალხი მოვა, რადგან ,,სითი პარკის“ თვითნებობა ყველას ყელში ამოუვიდა. ასევე, ყველას მობეზრდა ახალი ხელისუფლების უთავბოლობაც. მუდმივად იძახიან, რომ ხვალ-ზეგ გაირკვევა ყველაფერი. ხან ამ კვლევას ელოდებიან, ხან იმას და როდემდე უნდა ველოდოთ? ასე უკვე აღარ შეიძლება.
ხელისუფლებასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე – ისინი არაფრის შეცვლას აპირებენ. ,,სითი პარკს“ 10-წლიანი მონოპილია აქვს და არაფრით არ შეიძლება, ამ ხალხის თარეში 10 წელი გაგრძელდეს. ეს კომპანია აბსოლუტურად არაფერს აწესრიგებს, მარტო ფული მიაქვს“,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. გამოცემის ცნობით, თავად ,,სითი პარკში“ აქციას მშვიდად ხვდებიან და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები