„შაქრო კალაშოვი უდესიანი-ხარძიანის დავას მოსკოვში არკვევს”?

გაზეთ “ვერსიას” მიხედვით, იანვარში, ერევანში კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ე.წ. სხადნიაკი გაიმართა, სადაც მსხვილ ბიზნესმენებს შორის არსებული დავებიც უნდა განხილულიყო.
როგორც “ვერსია” წერს, შეხვედრას შაქრო კალაშოვიც ესწრებოდა, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცდილობს, კრიმინალურ სამყაროში არსებული დაპირისპირება დაალაგოს, ომი შეწყვიტოს და ქურდები შეარიგოს. ამას გარდა, კალაშოვის მიზანი ისიც იყო, ახლადგამომცხვარი ქურდებიდან რამდენიმე გაეჩერებინა, რადგან სერიოზული ეჭვი არსებობდა, რომ მათ ეს ტიტული უბრალოდ იყიდეს. საბოლოოდ, „სხადნიაკი“ კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დაიშალა, ვინაიდან გამოცემის თქმით, რამდენიმე ადამიანი არ დაესწრო შეხვედრას.
“გარდა შიდა ამბებისა, ერევანში მსხვილ ბიზნესმენებს შორის არსებული დავებიც უნდა განხილულიყო და როგორც ჩვენ შევიტყვეთ, ერთ-ერთი მთავარი თემა აწ გარდაცვლილ ბესიკ ხარძიანსა და გია უდესიანს შორის დაპირისპირებაც იყო. ერევანში ქართველი კანონიერი ქურდებიდან თითქმის არავინ ჩავიდა და ეს საქმეც ბოლომდე განხილული ვერ იქნა. იმავე წყაროს ინფორმაციით, უდესიანისა და ხარძიანის დაპირისპირების თემა სამომავლოდ გადაიდო და კალაშოვმა, როგორც თბილისელმა, პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ამბავს მოსკოვში გაარკვევდა. ვის მხარეს იყო სიმართლე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამბობენ, რომ ხარძიანს გასამართლებლად უფრო მეტი არგუმენტი ჰქონდა. ახლა კი ბიზნესმენი მკვდარია და, სავარაუდოდ, განხილვაც აღარ მოხდება”, – წერს “ვერსია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები