ვაზაგაშვილები სოსანაშვილის ბრალდებას პასუხობენ – „მელაძეების არცერთ რძალს მადონა არ ჰქვია“
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, გამოძიებას მკვლელობის ახალი მოტივი და საკუთარი ალიბი შესთავაზა.
როგორც „კვირას“ გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განუცხადა, შესაძლებელია იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო. ადვოკატის ინფორმაციით, იგი ბრალდებულ გია სოსანაშვილს გუშინ საპატიმროში შეხვდა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა.
„გია სოსანაშვილმა მითხრა, რომ გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, იმ მელაძეებს ვგულისხმობ, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას. ამ ქალს მადონა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
„კვირამ“ სოსანაშვილის ახალი ალიბი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ძმების – ზაზა და მამუკა მელაძეების მეუღლეებს, არცერთს მადონა არ ჰქვია. ძმების მეუღლეები ნანა და ნონა არიან.
გარდა ამისა, „კვირა“ გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის დას – მანანა ვაზაგაშვილსაც დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ მანანა ვაზაგაშვილმა განუცხადა, სოფელ ყარაფილაში მადონას არავის არ იცნობს. თუმცა, ერთ-ერთ მელაძეების ოჯახში არის რძალი მადინა, რომელიც ვაზაგაშვილების დეიდაშვილის შვილია.
„რა გითხრათ, ან რა კომენტარი გავაკეთო. სოფელ ყარაფილაში მადონა არავინ ცხოვრობს, არავის ვიცნობ. არის 44 წლის მადინა, რომელიც ერთ-ერთი მელაძეების ოჯახის რძალია, მაგრამ ეს გოგო ჩემი ალალი დეიდაშვილის შვილია. ეს სიბინძურე როგორ თქვა, გუშინ წავიკითხე, ჩემს გამწარებულ ოჯახს ასეთ რამეს როგორ აბრალებს. თავის დასაძვრენად რას არ იგონებს, მაგრამ ამას, მარტო სოსანაშვილი თვითონ ვერ მოიფიქრებდა. მას ვიღაცამ შესთავაზა ეს იდეა, მე ასე ვფიქრობ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მანანა ვაზაგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 28 იანვარს მთავარმა პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის 19-20 იანვარს სოსანაშვილმა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე ხელყუმბარა დაამონტაჟა, რომლის აფეთქების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე, სოფელ ყარაფილაში მეზობლის ზაზა და მამუკა მელაძეების დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პოლიციელის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავასა და მისი მეუღლის ნინო ხვიტიას თანაკლასელია.
როგორც ნინო ხვიტიამ „კვირას“ განუცხადა, იგი ირაკლი ფირცხალავას და სოსო ჯოგლიძეს ბავშვობიდან იცნობს. მისივე თქმით, ისინი ჯერ საბურთალოზე მდებარე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, შემდეგ კი სამივემ სწავლა 101- ე სკოლაში გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შვილის მკვლელობის საქმეში იმ მაღალჩინოსანთა ვინაობას ასახელებდა, ვინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის სპეცოპერაცია ჩაატარა. ეს იყო სია, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი ჰქონდათ ვაზაგაშვილის მკვლელობასა და შემდეგ უკვე საქმის გაყალბებასთან. ერთ-ერთი იყო ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის დროს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. ზურა ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს კორტების სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.