უკრაინული მედია ქვეყანაში არსებულ „სააკაშვილის რეკეტის სისტემაზე“ წერს
უკრაინული გამოცემა „სლოვო.ნეტ“ მასალას აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში მოღვაწე ქართველი მაღალჩინოსნების გეგმებზე საუბრობს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ქვეყანაში გეგმა სახელწოდებით „გარდატეხა“ ამოქმედდა. მისი უშუალო შემსრულებლები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე იქნებიან. გეგმის მიხედვით, უკრაინაში მთელი რიგი მაღალჩინოსნის „საჩვენებელი“ დაპატიმრება იგეგემება. ამ გეგმის მიზანია მოსახლეობისთვის იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში წესრიგის დამყარება დაიწყო.
„სლოვო.ნეტ“ წერს, რომ დასაპატიმრებელთა სია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა შეადგინა. მისი ძირითადი მიზანია – იმ პირთა დაკავება, რომლებიც უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ ჩვენებებს მისცემენ, რაც სამართალდამცველებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის საშუალებას მისცემს. გამოცემა ამას „სააკაშვილის რეკეტის სისტემას“ უწოდებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საგანგემო სიტუაციათა სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს.