„მიყვარს ჩემი მომხმარებელი და ყველა ნივთი დიდი სიყვარულით არის დამზადებული…“

„მე ვარ ადამიანი, ვისაც ყოველთვის უნდოდა, რასაც ვხედავდი, ყველაფერი ფურცელზე დამეხატა. ძალიან მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა და მხატვარი ვყოფილიყავი, თუმცა მშობლებმა სხვა სპეციალობა მირჩიეს და პროფესიით ბიზნეს-იურისტი ვარ. მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია.“ – მაია თავართქილაძე.

– როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა?11063278_828109607238093_362223221_n
– ცხოვრებისეული ცვლილებების მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი, როგორც ხელოვან ადამიანს რაღაც გამეკეთებინა. მე და თეო ბავშვობიდან ვმეგობრობთ და გვქონდა საღამოები, როცა ერთად ვძერწავდით, ვხატავდით. მართალია, რომ გავიზარდეთ, ორივე საკუთარი გზით წავედით, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ სახელოსნო ერთად გაგვეკეთებინა. ამიტომ, ორი წლის წინ მე და ჩემი ბავშვობის უახლოესმა მეგობარმა, თეონა ბაკურაძემ, რომელსაც ასევე, განსხვავებული პროფესია აქვს, იგი ფსიქოლოგია, პოლიმერული თიხისგან აქსესუარების გაკეთება დავიწყეთ. ეს არის ელასტიური, კარგი მასალა, რომელიც ძალიან ადვილად მუშავდება და იღებს საჭირო ფორმას. თუ ადამიანს, ცოტა მაინც შეუძლია ძერწვა, ადვილად შეუძლია ამ მასალისგან რაღაც გააკეთოს.
– სახელოსნო „ბუერა“…
– სახელოსნოში ორი ადამიანი, მე და თეონა ბაკურაძე ვმუშაობთ. სახელწოდებაზე რომ ვფიქრობდით, ვცდილობდით, ისეთი რამ შეგვერჩია, რომელსაც ხალხი ადვილად დაიმახსოვრებდა და თან ქართული სიტყვა იქნებოდა. „ბუერა“ მცენარის სახელწოდებაა, რომელიც თეომ სულხან – საბას ლექსიკონში აღმოაჩინა და ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიყვარული მოიტანა. ამას ჩვენი მომხმარებელიც გრძნობს, რადგან ყველაზე მთავარი „ბუერაში“ ის არის, რომ ჩვენ თითოეულ ნივთს დიდი სიყვარულით ვაკეთებთ.
– აკეთებთ სამკაულებს…11073973_828109600571427_1260493732_n
– საყურეებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, გულსაბნევებს, პატარა მინიატიურულ მოლბერტებს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები საკუთარი ცხოვრებისეული მოვლენების კომპოზიციებს გვიკვეთავენ.
პოლიმერიული თიხა საერთოდ ახალი მასალაა. თავიდან ჩვეულებრივი თიხისგან ვძერწავდით. თეონამ მულტფილმიც შექმნა, მაგრამ ჩვეულებრივ თიხაზე რთულია მუშაობა. მას სჭირდება წყალი, მალე შრება, ხმება და ბზარებს იკეთებს, ისე ვერ გემორჩილება როგორც პოლიმერული თიხა, რომელიც პლასტელინივით რბილია, მაგრამ დამუშავების შემდეგ მყარი ნივთი გამოდის. გარდა ამისა, ჩვეულებრივი თიხა მხოლოდ სამი – თეთრი, ნაცრისფერი და წითელია, პოლიმერული თიხა კი უფრო მრავალფეროვანი და ლამაზია. რაც მთავარია, ჩვენი ნივთები მაღაზიებში დიდხანს არ ჩერდება, ძალიან მალე იყიდება. ფასიც ხელმისაწვდომია.
– ფერები…
– მე და თეო ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მას ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული სტილი აქვს, ამიტომ ჩვენ ორივე ერთმანეთს ვავსებთ და ვფიქრობ, ძალიან კარგ, ხარისხიან პროდუქტს ვაკეთებთ.
ფერებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათი შერწყმა, მაგრამ ეს ადამიანის შინაგანი სამყაროდან, მსოფლმხედველობიდან მოდის. ვფიქრობ, ადამიანმა ბევრი რამ უნდა ნახოს, ათვალიეროს ლამაზი პეიზაჟები, ლამაზი ნახატები, ასევე თვითონ გადაიღოს ფოტოები. თავიდან მეც და თეოც დავდიოდით ფოტოაპარატით, ვიღებდით ფოტოებს და ასე ჩამოგვიყალიბდა ფერების აღქმა.
– გარემო…11074206_828109627238091_678464125_n
– გარემოს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ძირითადად, ღამე ვმუშაობთ, როცა არის სიჩუმე, სიმშვიდე, გარშემო არავინ არ არის და ყველას სძინავს. სხვა ადამიანებთან და ხმაურში არ შემიძლია მუშაობა. მუშაობის დროს მე ვფიქრობ ნივთზე, რომ ხარისხიანი გამომივიდეს. როცა მესაუბრებიან, გონება მეფანტება. მუშაობის პროცესში რომ გავჩერდე, იმ ნივთს აღარ დავუბრუნდები, რადგან მუზასთან დაკავშირებულ ძაფს ვკარგავ.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს?
– დიახ, მაქვს. რამდენიმე თემაა. თავიდან იყო, ბალეტის თემაზე შექმნილი გულსაბნევები. ზოგადად, ბალეტი ძალიან მიყვარს, დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. ასევე, წიგნების თემა, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა და ძალიან კარგად იყიდება. მესამე თემა არის საკურას ხე, ის სრულიად შემთხვევით გამომივიდა ასეთი ლამაზი. ერთ-ერთი მამაკაცისგან მივიღეთ შეკვეთა. შეყვარებულისთვის უნდოდა გულსაბნევი. მერე სხვებსაც მოეწონათ და ხშირად ვაკეთებთ.
– გამოფენები…
– ერთხელ მივიღეთ გამოფენაში მონაწილეობა. იაპონელი ანიმატორის მულტფილმების თემაზე დავამზადეთ აქსესუარები, სურათები, ნახატები, მინიატიურები, მთავარი გმირების ეპიზოდებზე კომპოზიციები. „ბუერას“ სახელით გამოფენა ჯერჯერობით არ გვქონია. ვფიქრობ, ჩვენი ბრენდი ჯერ ახალგაზრდაა და გამოფენა ისეთი სერიოზული სიტყვაა, დიდხანს უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი სახელით გავიტანოთ საუკეთესო ნივთები და კარგი გამოფენა გამოვიდეს.
– რით განსხვავდება თქვენი ნამუშევრები სხვა ავტორებისგან?
– ყველა მხატვარს და შემოქმედს საკუთარი ხელწერა და თავისი განსხვავებული სათქმელი აქვს. ჩვენი მთავარი სათქმელი არის, გამოვხატოთ სილამაზე, ყველაფერ იმის შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ხელოვან ადამიანებს სწორედ იმისთვის გვიხარია არსებობა, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ჩავდოთ ჩვენს ნამუშევრებში.

მზევინარ ხუციშვილი

11040321_828109597238094_1473839205_n

11081724_828109617238092_1320088833_n

11082883_828109613904759_1983844424_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები