რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს შიდა ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. მათ შორისაა გორის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში ამ სპორტული ობიექტის გახსნას შევძლებთ. ასევე დავათვალიერეთ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შედეგები. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად განათლების სისტემისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ქალაქ გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა. პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, დაცვის ჯიხურსა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას.
პროექტის ფარგლებში ასევე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 4.31 მილიონ ლარს შეადგენს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. განახლებული სკოლის შედეგად, 500 მოსწავლისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემო.
პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო სკოლის ეზო. შენობაში სრულად განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლში მიმდინარე პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.