გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გივი მიქანაძეს ცენტრის საქმიანობისა და არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის პარტიის კომიტეტის მდივანმა ლიუ აიფინგმა მიაწოდა.
მხარეებმა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, მათ შორის სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკების შეთავაზების საკითხს, რაც ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობები, ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას უწყობს ხელს.
თავის მხრივ, ლიუ აიფინგმა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს და კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.